1978 წლის 14 აპრილს უმაღლესი საბჭოს შენობის ეზოში ტანკისტები ბრძანებას ელოდნენ…

1978 წლის 14 აპრილს, დილიდან, თბილისის დედაქუჩაზე ხდებოდა ის, რაც არ იყო დამახასიათებელი იმდროინდელი ყოფისთვის და რამაც შოკში ჩააგდო კრემლი: დილიდან მთელი რუსთაველის პროსპექტი გაივსო ხალხით და ნაკადი კი არ წყდებოდა. დემონსტრანტთა კონცენტრაცია ისევ იქ მოხდა, სადაც მას შემდეგ პერიოდულად ხდებოდა: იმდროინდელი უმაღლესი საბჭოს შენობასთან, რომელსაც მერე მთავრობის სახლი, მერე კი პარლამენტის შენობა დაერქვა.
დემონსტრაცია და რუსთაველზე გასული ხალხის სიუხვე იმით იყო გამოწვეული, რომ სსრკ-ს ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ (რასაც ავტომატურად მოჰყვა ყველა რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლა), რესპუბლიკების კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი, სადაც მითითებული იყო, რომ ვთქვათ, საქართველოს მაგალითზე, საქართველოს სსრ-ში სახელმწიფო ენა ქართული ენაა. ახალი პროექტის თანახმად, კონსტუტუციაში ერთადერთ სახელმწიფო ენად რუსული ენა რჩებოდა, რამაც სრულიად საქართველო ააღელვა.
მაშინდელი სკკპ-ს საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე მერე ხშირად იმეორებდა, რომ დემონსტრაციების პროვოცირება თვითონ მოახდინა, როცა კონსტიტუციის სახალხო განხილვის ინიციატორად გამოვიდა. ეს მაინცდამაინც არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან მაშინ კონსტიტუციის ცვლილება ისედაც ხდებოდა ფორმალური სახალხო განხილვის საგანი და ცვლილებები მხოლოდ ამის შემდეგ მტკიცდებოდა.
თუმცა, ედუარდ შევარდნაძის როლის მთლიანად უგულებელყოფა იმდროინდელი მოვლენების მშვიდობიანად დასრულებაში, მინიმუმ, უმადურობა იქნებოდა – მან მართლაც ითამაშა დადებითი როლი. თუმცა, სობს ვნახოთ, როგორ იხსენებენ თავად შევარდნაძე და სხვა, 1978 წლის 14 აპრილს მოვლენების შუაგულში მყოფი პირები განვითარებულ მოვლენებს:
„იდეის ავტორი, შევარდნაძის თქმით, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და ბრეჟნევის თეორეტიკოსი მიხეილ სუსლოვი იყო. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა მას პირადად განუმარტა, რომ საქართველოში იდეის რეალიზაცია სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევდა. ”კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება.. ” – იყო პასუხი…შევარდნაძე მაშინ ბრეჟნევსაც შეხვდა. ბრეჟნევი მას შეჰპირდა, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში საქმეში ჩაერეოდა. ”დავბრუნდი და პირადად მე მოვახდინე ინიცირება კონსტიტუციის პროექტის შესწავლის”, – გაიხსენა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ მის ინიციატივას პირველები მწერლები გამოეხმაურნენ. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც არ მიიჩნევდნენ დამღუპველად ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნას, თუკი, სუსლოვის დაპირებისამებრ, კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა, რომ პარტია იზრუნებს ქართული ენის განვითარებაზე. ასეთები იყვნენ, მაგრამ იყვნენ სხვებიც და დაიწყო სერიოზული მოძრაობა ქართული ენის სტატუსის გადასარჩენად. ამ მოძრაობის ავანგარდში უნივერსიტეტი იყო და 14 აპრილს, როცა საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელშიც გამქრალი იყო მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, რუსთაველის პროსპექტზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
ზღვა ხალხი მაშინდელი კომპარტიის უმაღლესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. კომპარტიის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციას ამტკიცებდა. შევარდნაძეს ინფორმატორებისგან ცნობა ცნობაზე მისდიოდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა გარეთ.
” უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ. მანამდე კი, უზენაესი საბჭოს ეზოში რომ შევედი, ტანკები დამხვდა. უშიშროების უფროსმა ალექსი ინაურმა მითხრა, ეს მოსკოვის ბრძანებაა საქართველოს მთავრობის დასაცავადო. დედაენა რომ არ შეგვენარჩუნებინა, თბილისში სისხლი დაიღვრებოდა. ეს იყო საერთო გამარჯვება. ამის გამო სუსლოვთან დაგვიბარეს მე, ზურაბ პატარიძე, გენადი კოლბინი და პავლე გილაშვილი. სუსლოვს შენიშვნები გაეკეთებინა ფურცელზე, საქართველოში ნაციონალიზმი ყვავის და პარტია ამას ყურადღებას არ აქცევსო. ამ დროს ბრეჟნევმა დარეკა. სუსლოვმა უთხრა, პოლიტბიუროს სხდომაზე საქართველოს საკითხი უნდა გავიტანოთ, რადგან ცეკას დადგენილება არ შეასრულესო, მაგრამ ბრეჟნევმა არ გაატანინა.” – იხსენებს ედუარდ შევარდნაძე.
დავით კობახიძე: „კაკო ბაქრაძე გამოვიდა და თქვა, მოსკოვიდან მოვიდა მიმართვა და კონსტიტუციაში დარჩება მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებო. მაინც არ სჯეროდა არავის, სანამ შევარდნაძე არ გამოვიდა თვითონ.“
დემონსტრაციისა და სახალხო მღელვარების შემდეგ კრემლი გართულებებზე წასვლას მოერიდა იმის მიუხედავად, რომ სუსლოვი დაჟინებით, თუნდაც ძალის გამოყენების ხარჯზე ითხოვდა ცვლილების შეტანას კონსტიტუციებში. საქართველოს წინაშე უკანდახევა სხვა რესპუბლიკების წინაშე უკანდახევასაც ნიშნავდა, თუმცა, კრემლი ამ დათმობაზე წავიდა, რაც, ალბათ, იშვიათი გამონაკლისი იყო მთელი მისი ისტორიის მანძილზე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s