ტარიელის დახასიათება

ქართული პოეტურის გვირგვინი და დღემდე დაუძლეველი მწვერვალია შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მოგვითხრობს ამბავს რაინდთა ცხოვრებიდან.
რუსთველი პოემაში ჰარმონიულ პიროვნებებს ძერწავს. პიროვნების ჰარმონიულობა კი უცილობლად გულისხმობს გარეგან და სულიერ სრულყოფას. ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი სწორედ გარეგანი და სულიერი სრულქმნილებით იქცევენ ჩვენს ყურადღებას. ეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირი ტარიელია. თვით ნაწარმოების სახელწოდებაც ხომ ტარიელზე მიგვანიშნებს. სწორედ იგია ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი, რომელსაც დაკარგული სატრფოს მოსაგონებლად ტანი ვეფხვის ტყავით შეუმოსავს.
არაჩვეულებრივად შემოყავს რუსთაველს პოემაში ტარიელი. იდუმალი და მწუხარე შუქით მოსილი, ზღაპრული მშვენების ჭაბუკის სახე თავიდანვე იპყრობს და იტაცებს მკითხველს.
მისი ვინაობა თავდაპირველად საიდუმლოებითაა მოსილი. მხოლოდ შემდეგ ირკვევა, რომ იგი ინდოეთის ერთ-ერთი მეფის, სარიდანის, მემკვიდრეა, რომელიც ქვეყნის გაერთიანების შემდეგ სრულიად ინდოეთის ხელმწიფემ, ფარსადანმა, იშვილა და დავაჭკაცებულს ამირბარობა უბოძა.ტარიელის არაჩვეულებრივი გარეგნობა მაღალი გემოვნებითაა აღწერილი პოემაში, ეპითეტები ცოცხალია და ხორცშესხმული. „უცხო მოყმის“ ნახვით დატყვევებული როსტევანი მხოლოდშობილ ასულს მოუთხრობს: „უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე, მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე“.
ტარიელის მშვენებით მონუსხული ხატაელები ავთანდილს უამბობენ: „თავსა და ტანსა ემოსა გარეთ-თმა ვეფხისტყავია, ჯერთ მისი მსგავსი მშვენება კაცთაგან უნახავია“.
ავთანდილი თინათინს აცნობს ძმადნაფიცის ტრაგიკული სიყვარულის ამბავს და საგანგებოდ უსვამს ხაზს მის გარეგნობას: „ნუ მკითხავ. ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების? მისსა ნახავსა ნახული აგარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა ვით მზისა ციაგსა, დაეღონების“.
ტარიელის პიროვნებაში შეზავებულია ლომისებური სიმამაცე, ზღაპრული ფიზიკური ძალა და პოეტური სული. ტიტანური ძალ-ღონით იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. ლომებს ჩიტებსავით ხოცავს, ვეფხვს შიშველი ხელებით ახრჩობს, ჩინებული მსროლელიცაა. ვეფხისტყაოსან ჭაბუკს თითქოს ზღაპრული სიმამაცე და შემართება დაეუფლა, როცა მათრახით უმოწყალოდ გაანადგურა არაბეთის მეფის ამალა, რაც თავდაცვის მიზნით იყო გამოწვეული.
ვაჟკაცურად შეება იგი მუხანათურად დამხვდურ ხატაელებს, მცირე რაზმით შიშის ზარი დასცა მტრის ლაშქარს.
გასაგებია, რომ მთელი თავისი ძალა, უნარი და სამხედრო ხელოვნების ნიჭი ტარიელმა ქაჯეთის ციხის აღებისას გამოამჟღავნა. ნესტანის სიყვარულით შთაგონებულმა ვაჟკაცმა ციხის აგების გაბედული გეგმა შესთავაზა მეგობრებს და განხორციელების მთავარი სიძნელე თავად იკისრა.
აშკარაა, ტარიელი მხედართმთავრული ნიჭითაც არის დაჯილდოებული. მისი მეთაურობით წარმოებულ ბრძოლებში, ჯერ ხატაელებთან, შემდეგ კი „ძნელად საომარ“ ქაჯებთან, მთელი ბრწყინვალებით გამოჩნდა რაინდის სიბრძნე და სამხედრო ხელოვნება.
როგორც ჭეშმარიტ რაინდს შეშვენის, დამარცხებული მტრის მიმართ ტარიელი ლმობიერია. კაცთმოყვარე ტარიელს სჯერა, რომ სიკეთე და ლმობიერება მტრის გულსაც მოინადირებს.
ინდოეთის ამირბარი წინდახედულობითა და გონიერებით იქცევს ყურადღებას. ხატაელების ღალატი რომ გაიგოამბის მომტანს მადლობა მოახსენა და ურჩია: “აწ ამხანაგლთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა მიდია“. რამაზ მეფეს კი არაფერი აგრძნობინა და სანზადისს შეუდგა.
მეფე-დედოფალმა ნესტანის ხვარაზმშას ვაჟზე დაქორწინების გადაწყვეტილება მოულოდნელად შეატყობინეს, მაგრამ ტარიელმა ნებისყოფის უდიდესი დაძაბვის ხარჯზე შეძლო გულისთქმის ჩაკვლა, უფრო მეტიც, რჩევაც კი მისცა პატრონებს.
ნესტანის დაკარგვის შემდეგაც, სანამ იმედს გადაიწყვეტდა, თავს შეუძახა და სასოწარკვეთას მოქმედება არჩია: “გულსა ვუთხარ:„თუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა“.
ინდოელი ჭაბუკი ჭეშმარიტი პატრიოტია. მას აღელვებს სამშობლოს ბედი, გრძნობს პასუხისმგებლობას მის წინაშე. ხატაელების წინააღმდეგ გადახდილი დიდი ომიც ხომ სამშობლოს სამსახურს ისახავდა მიზნად.
ტარიელი უებრო მეგობარიცაა. სწამს: „ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს თუ მისთვის სიკვდილისა და ჭირსა თავი არ დარიდოს“. სწორედ მისი დახმარებით შეძლო გმირმა ფრიდონმა ვერაგი ბიძაშვილების დამორჩილება და კუთვნილი მამულის დაბრუნება. როცა ავთანდილს გაიცნობს და გიაგებს, რომ იგი სატრფოს დავალებითაა წამოსული „უცხო მოყმის“ საძებრად, თუმცა ეძნელება წარსულის გახსენება, ძველი წყლულებისა და ტკივილების განახლება, მაგრამ მაინც გაიღებს დიდ მსხვერპლს, უამბობს თავის ამბავს რითაც აშკარად ავლენს უანგარო თავდადებას ახლად ჩასახული ძმობა-მეგობრობისადმი. მერე კი, ინდოეთს გამგზავრებამდე, მისთვის თავდადებული ავთანდილისა და თინათინის ბედზე ზრუნავს.
გულუხვმა ჭაბუკმა ასმათის დიდი სამსახურიც დააფასა: ერთგულებისა და თავდადებისთვის ინდოეთის ერთ-ერთი სამეფო უწყალობა; ფატმანს სიკეთე სიკეთით გადაუხადა, ქაჯეთიდან წამოღებული საჭურჭლე უბოძა და ძმობაც შეჰფიცა. ფრიდონს კი, უანგარო მეგობარს, დევების გამოქვაბულში არსებული განძეულობა უსახსოვრა.
რაინდთა შორის რაინდი ტარიელი არაჩვეულებრივია, როგორც მიჯნური. მსოფლიო ლიტერატურაშიც კი ძნელად მოიძებნება ტიპი, გრძნობის სიძლიერით, ერთგულებით, სატრფოსათვის თავგანწირვით ტარიელს რომ გაუტოლდეს. მისი სიყვარული ერთსა და იმავე დროს ნაზიცაა და ბობოქარიც. ტარიელის ნესტანისადმი სიყვარული ხორციელ წადილს როდი გამორიცხავს, მაგრამ საოცრად წმინდაა, სპეტაკი და ამაღლებული. სატრფოსთვის თვალის შევლებაც კი საკმარისია, ლომგულმა ვაჭკაცმა გონი დაკარგოს.
ტარიელისთვის დამახასიათებელია გრძნობის მუდმივობა და ნესტანსაც გრძნობის მტკიცე ფიცს აძლევს უმწიკლო და მარადიული ერთგულებისა.
წუთისოფლის ავად ბრუნვამ, სატრფოს გადაკარგვამ შეცვალა ტარიელი, სხვა კაცად აქცია იგი. სიყვარულით სნეულმა ვაჟკაცმა ადამიანთა სამყოფელი მიატოვა და ასმათთან ერთად გამოქვაბულში დაიდო ბინა. გამოიარა ჭეშმარიტი მიჯნურისათვის სავალდებულო განსაცდელი და ცრემლთა ფრქვევაში ათენ-აღამებს. რასაკვირველია, რომ ცივი გონება დაახშო გრძნობათა სიჭარბემ.
სასოწარქვეთას მიეცა ზაფრანად ქცეული ვარდი ტარიელი, იმედიც დაკარგა თითქოს, მაგრამ გამოჩნდა „დასნეულებული აქიმის“ მკურნალი ავთანდილი, თავდადებული მეგობარი, მიაგნო ნესტანის კვალს და კვლავ სიცოცხლის სიხარული დაეუფლა, დაუბრუნდა ნებისყოფა და ნათელი გონება, უშიშრად შეება ბნელეთის ძალებს და ერთგული მეგობრის დახმარებით ქაჯთა ტყვეობიდან იხსნა მიჯნური.
„ბოროტსა ძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია,“-ზეიმობს რუსთველი ტურფა ნესტანისა და გმირი ტარიელის ტრაგიკული სიყვარულის გამარჯვებას.
ასეთია „ვეფხისტყაოსნის“ ჟურნალური პერსონაჟის შინაგანი სამყარო, მისი ბუნება და მორალური სახე.
„ავთანდილი იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა ჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერულო, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა“,- ასე გვაცნობს რუსთველი ავთანდილს, არაბეთის სახელოვან სპასპეტს.
განსაცვიფრებელია მისი სილამაზე და მოხდენილობა. არაბეთის მკვიდრნი მოუწყენლად ტკბებიან მისი მშვენებით.
დიდი ნადიმია არაბეთს: თინათინის გამეფებას, ტახტზე ასვლას ზეიმობენ. სუფრის თავში ზის ქვეყნის სპასპეტი და ყურადღებას იპყრობს შეუდარებელი ჭაბუკური ხიბლით.
რუსთველი ავთანდილის სილამაზეს ციურ ნათობთა მშვენებას ადარებს.
ავთანდილი უბადრო ვაჟკაცობითაც გამოირჩევა. მისი ძალგულოვნება რუსთველს ლომისა და ვეფხვის ძლიერებასთან აქვს შედარებული. მეკობრეებისგან დაშინებულ მექარავნეებს მხოლოდ ის გამოუჩნდა მფარველად.
ავთანდილი თუ იშიშვლებს ხმალს, იშიშვლებს იმისთვის, რომ დაეხმაროს შეურაცხყოფილთ, გაათავისუფლოს ჩაგრული. მაგრამ ერთხელ შეიქმნა სიტოაცია და ფატმანის გადასარჩენად იძულებული გახდა მოეკლა უდანაშაულო მშვიდად მძინარე მოყმე – ჭაშნაგირი.
ავთანდილი სამეფოს იმედი და სიამაყეა. მან თვით როსტევან მეფეს აჯობა მშვილდოსნობაში.
მან სიმარჯვით ფრიდონის ქვეშევრდომებიც განაცვიფრა, ერთი გასროლით მოკლა ორბი, რომელზედაც მათი მეფე-პატრონი ნადირობდა.
ნესტანის გათავისუფლების დროსაც გვიჩვენა ავთანდილმა მკლავის ძალა, მანამდე კი მეგობრებს ქაჯეთის ციხის აღების გონივრული გეგმა შესთავაზა.
იგი ჭეშმარიტი რაინდია, მისი არსება ვაჟკაცული სულითაა ნასაზრდოები, ბრძოლის ჟინი, შეუპოვრობა, უშოშრობა და სიმამაცე სისხლხორცეული გამხდარა არაბეთის სპასპეტისთვის. მისთვის ვაჟკაცის სახელი ყველაფერია, ყველა განძზე უძვირფასესი.
ავთანდილი ჭაბუკია, მაგრამ რუსთველი მას გამოცდილ ბრძენკაცად გვიხატავს. ყოველი მისი მოქმედება, ყოველი მისი სიტყვა აღსავსეა გონიერებითა და სიბრძნით. ჯერ მარტო ავთანდილის ანდერძის გახსენება რად ღირს, არაბეთიდან გაპარვის წინ როსტევანს რომ დაუტოვა.
მიმტევებლობა, მოწყალეობა, მოყვასის სიყვარული, სიცრუისა და ორპირობის დაგმობა, სულის აღზევება, უმაღლესი ადამიანური იდეალების თაყვანისცემა… ღმერთის შიში და სიყვარული, ზებუნებრივი ძალების არსებობის რწმენა, სიყვარულის ყოვლისშემძლეობის აღიარება, სიცოცხლის სიყვარული… აი ავთანდილის სულიერი ცხოვრების პრინციპი, რაც სრულყოფილად ვლინდება ამ დიდებულ ანდერძში.
რაინდმა დახმარება აღუთქვა განსაცდელში ჩავარდნილ ტარიელს, მას ფიცით შეეკრა და ვაჟკაცის სიტყვას ვერ გადაუხვევს. ღმერთის შიში, სინდისი და მოყვასის სიყვარული არ აძლევს ამის ნებას.
ადამიანის სიცოცხლეს ღმერთი განაგებს-ასე სწამთ “ვეფხისტყაოსნის“ გმირებს და მათ შორის ავთანდილსაც. ბედი მხოლოდ ცდაა ადამიანთა მხრიდან, გამარჯვება კი ღმერთის ნებაა.
ავთანდილის ყოველი ნაბიჯი გონების კარნახითაა გადადგმული, მისი მოქმედება გონებას ემორჩილება და არა გრძნობას. მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვაა საჭირო, რადგან “ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!“
ავთანდილის გონიერება თავს იჩენს ტარიელთან პირველი შეხვედრის დროსაც. თითიქმის სამი წელიწადი ეძებდა ვეფხისტყაოსან ჭაბუკს და უეცარი შეხვედრისას დაითმინა გულის წადილი, უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდა ტარიელთან პირისპირ შეყრისათვის.
განსაკუთრებით წინდახედული და გონიერია იგი საქვეყნო საქმეების გადაწყვეტის დროს.
უყვარს სამშობლო ავთანილს და პატივს ცემს ქვეყნის ხელმწიფეს. როსტევანი მისთვის მარტო მეფე როდია. იგია მისი მამა და ნამდვილი პატრონი. თვითონაც შესაშურ ერთგულებას იძენს როსტევენისადმი, რადგან სწამს, “პატრონისა სამსახური არასოდეს არ წახდების“. შერმადინთან საუბრის დროს ავთანდილი ხაზს უსვამს პატრონისადმი ერთგული სამსახურის აუცილებლობას. მაგრამ ავთანდილს აქვს საკუთარი ქალაქი და, თავის მხრივ, ყმების პატრონია, თანაც კეთილი, გულუხვი და მზრუნველი. ამიტომაც ავედრებს როსტევანს ყმა შერმადინს თავის ანდერძში. ავთანდილის ყიველმხრივ შემკულ პიროვნებას კიდევ უფრო ალამაზებს სიყვარიულის ნაზი გრძნობა.
ჭეშმარიტი სიყვარულის დიადი ძალა სევდიანად აამღერებს თვალცრემლიან ავთანდილს, აამღერებს ისე ტკბილად, რომ “სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამსხდიან, ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან“.
ეს დიდი ბუნების ადამიანი მკურნალად მოევლინა ბედისაგან დაჩაგრულ რაინდს და მისი გადარჩენა მიზნად დაისახა, მოყვასისათვის თავგანწირვა ცხოვრების წესად გაიხადა. რუსთაველმა სწორედ ავთანდილს ათქმევინა ის უაღრესად ბრძნული აფორიზმი, რომელიც შემდგომ მეგბრობის იდეიის უზუსტეს გამოხატულებად იქცა.
და მართლაც, ვაჟკაცმა საკუთარი გული და სიყვარული გზად და ხიდად დაუფინა ტარიელის ბედნიერებას, მოშორდა მზის მსგავს თინათინს, საკუთარი ტკივილი დაივიწყა, რომ „ დასნეულებული აქიმი“ სააქაოსაკენ მოებრუნებინა.
რა არ გამოსცადა, რამდენ წინააღმდეგობას არ გადააწყდა, მაგრამ ავთანდილმა ძმადნაფიცის მოვალეობა მაინც შეასრულა: მიაგნო ნესტანის კვალს, მერე კი ტარიელს ქაჯეთის ციხიდან მის გამოხსნაში დაეხმარა.
ტარიელისგან განსხვავებული ბუნების ადამიანია ავთანდილი, ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი უპირატესად ემოციური პიროვნებაა, გულისთქმის მომყოლი, არაბეთის სპასპეტი კი უფრო თავდაჭერილია და წინდახედული, გრძნობების წადილს ყოველთვის გონებრივ წადილს უქვემდებარებს. ტარიელის მთავარი მიზანი დაკარგული მიჯნურის პოვნაა, ავთანდილისა კი – დაჩაგრული მეგობრის დახმარება. აქ რუსთველი ერთგვარად ხაზს უსვამს ორი რაინდის ინდივიდუალურ თავისებურებებს, თორემ ტარიელიც მაღალინტელექტუალური ადამიანია, ისე როგორც ავთანდილი უაღრესად მგრძნობიარე პიროვნებაა.
პოემაში ტარიელსა და ავთანდილს მხარს უმშვენებს შესანიშნავი რაინდი, გამორჩეული ვაჟკაცობით ცნობილი ნურადინ-ფრიდონი. რუსთაველმა საინტერესო სურათი დახატა ფრიდონის ნაწარმოებში შემოსაყვანად. ტარიელი უამბობს ავთანდილს მასთან შეხვედრის ამბავს და თითქოს ჩვენ თვალწინ ცოცხლდება შავ ტაიჭზე ამხედრებული დაჭრილი რაინდი, გადატეხილი ხმლით ხელში რომ მოქრის, „ვითა ქარი… გაფიცხებული, მწყრომელი“.
გავიხსენოთ სამი ძმადნაფიცის თათბირი ქაჯეთის ციხესთან. ფრიდონი მზადაა, თვითონ იკისროს ყველაზე რთული და სახიფათო საქმე – ციხის კარის შიგნიდან გახსნა.
„ლომი ფრიდონი“ მეფური გულუხვობით გამოირჩევა. „ფრიდონისაგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა“, – წერს რუსთველი და მართლაც, მულღაზანზარის მბრძანებელმა დიდებული ქორწილი გადაუხადა ტარიელსა და ნესტანს, ორივე თვალ-მარგალიტითა და ფასდაუდებელი სიმდიდრით ააქვსო. არც ავთანდილთან დარჩენილა ვალში, მასაც უძღვნა სავსე ხონჩა, „მარგალიტებით სხვილითა“.
მეგობრობის ურღვევმა ძალამ დაამარცხა ბოროტება. შემდეგშიც მტკიცე აღმოჩნდა სამი ვაჟკაცის, „სამთა მნათობთა“ ერთობა.
„ვეფხისტყაოსნის“ გმირი რაინდები ბევრი თვისებებით ემსგავსებიან ერთმანეთს, ამის მიზეზი კი სოციალური ნიადაგის ერთგვარობაა. ისინი ერთი სოციალური ფენის, რაინდული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები არიან, ერთნაირად შემკული რაინდული ზნეობით, გმირობისა და პატრიოტიზმის, მეგობრობის და მიჯნურობის დიადი გრძნობებით.
„ვეფხისტყაოსნის“ გმირები იყვნენ და იქნებიან ქართველი ხალხის სათაყვანებელი და სამაგალითო პიროვნებები. მათ საუკუნეების განმავლობაში ზარდეს თაობები და კვლავაც აღზრდიან დიდი ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის, პატრიოტიზმისა და გმირობა-ვაჟკაცობის, ამაღლებული სიყვარულისა და უანგარო მეგობრობის სულისკვეთებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s