0

სიყვარული აგვამაღლებს

სიყვარული უმაღლესი გრძნობაა, თვით ღმერთია სიყვარული, და ეს ყველგან და ყველაფერშია. “სიყვარული აგვამაღლებს” გვეუბნება შოთა რუსთაველი. მხოლოდ ამაღლებული სულის მქონე ადამიანს შეუძლია სიყვარული, სიყვარულით იბადება ადამიანი და მიდის ამ ქვეყნიდან, სიყვარულით და სინანულით აცილებენ ადამიანს ამ ქვეყნიდან. ამაღლებულ ადამიანს ყველაფერში შეუძლია დაინახოს სიყვარული… ისე როგორც ღმერთია ყველაფერში და თვითონ უფალია სიყვარული. ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თავისად და უთხრა:
გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი!
“სიყვარული აგვამაღლებს” – ეს არის ორსიტყვიანი სირბრძნე და ფილოსოფია. არაფრად ითვლება ადამიანი თუ არანაირი სიყვარული არ განუცდია. არარაობაა ადამიანი რომელმაც არ იცის სიყვარული რა არის. სიყვარულიდან მოდის ურთიერთგაგება, პატივისცემა, ერთგულება, დახმარება და გვერდში დგომა.
იგი ძალაა… დიდი ძალა რომელსაც შეუძლია მტრობით დანგრეული კოშკები თავიდან ააშენოს.
სიყვარული არის ის რაც აიძულებს დედამიწას იბრუნოს!

0

გიორგის დახასიათება (“ოთარაანთ ქვრივი”)

ოთარაანთ ქვრივის ვაჟი – გიორგი ძლიერი აღნაგობისა და სანდომიანი შესახედაობისაა. მისი გარეგნობის აღწერისას ავტორი ყურადღებას ამახვილებს იერსახის „მარილიანობაზე“, რომელსაც თვალთა მრისხანე გამომეტყველება და გადაბმული წარბები შეუმჩნეველს ხდიდა . „მარილი“ ქრისტიანულ სიმბოლიკაში ღვთის მადლზე მიანიშნებს. ქვრივი თუ თავის მადლს მწარე სიტყვების პილპილით ნიღბავს, გიორგის მარილიანობის, მადლიანობის საფარველი მისი „თვალთა მეტყველების ჭექაა“. გმირის გარეგნობის ამგვარი წარმოჩენით ავტორი მიგვანიშნებს, რომ მისი ბუნება, მისი მადლი იოლი შესაცნობი არ არის.ოთარაანთ ვაჟი არც ქართულ მეობას და არც თავის გლეხობას არ თაკილობს, უცხოელთა და წოდებით წარჩინებულთა მიბაძვას არ ესწრაფვის, პირიქით, სხვაგვარად იშვნევს და სხვა ელფერით წარმოაჩენს იმას, რაც მისთვის ტრადიციული და ბუნებრივია.თანასოფლელები გრძნობენ მათ წინაშე გიორგის უპირატესობას და აღიარებენ ამას, მაგრამ მათი წარმოსახვა მაინცადამაინც შორს ვერ მიდის. ამ გლეხების საოცნებო მიჯნა თავადიშვილობას ვერ სცილდება და ამიტომ გიორგის ღირსებასაც, შესაბამისად, თავადებთან მისი შედარებით გამოხატავენ: „ერთი დოინჯის შემოყრა-ღა აკლია თორემ თავადიშვილია და თავადიშვილიო“.
გიორგის თვისებათაგან პირველ რიგში ყურადღებას იქცევს მისი შრომისმოყვარეობა. ავტორი აღნიშნავს, „მუშაობაში მთელს სოფელში ვერავინ შეედრებოდაო“. გლეხებიც ამასმოწმობენ: „მარტოხელი ძნის ურემს დაუდებს და შინ მიიტანსო. რაკი საქმეს დაადგება, ზედ შეელევა, მინამ თვითონ საქმეს არ შეჰლევსო…“ მისი ასეთი თავდადებული შრომის მიზანი არც გამდიდრების დაუოკებელი სურვილია, არც ანგარება ან თავმოწონება. შრომა მისი ცხოვრების წესია.გარდა იმისა, რომ თავის საქმეს პირნათლად ასრულებს, გიორგი ხშირად სხვის საკეთებელსაც დაუზარებლად ტვირთულობს. ამას მოწმობს არჩილის გაოფლილი ცხენის მიხედვის განზრახვა, კესოს ყვავილების ბაღში გულმოდგინე შრომა, პეტრეს სანაცვლოდ თივის ზვინზე ასვლა და მრავალი სხვა ეპიზოდი.
„მართალს შეჩვეულს თვითონაც მართალი უყვარდაო“ ვკითხულობთ გიორგის შესახებ. არც ბავშვობაში და არც შემდგომ იგი დედისაგან დატუქსვას არ უკადრისობდა, რადგან ხედავდა, მისი შენიშვნები ყოველთვის სამართლიანი იყო. ტყუილი სასტიკად არ უყვარდა. გიორგის ამ თვისებას თანასოფლელებიც ამჩნევდნენ. ამიტომ იყო, რომ სასამართლოზედაც კი მისი ნათქვამი უტყუარ საბუთად აღიარეს და მოწმე არ მოსთხოვეს:“ოთარაანთ გიორგის რა მოწმე უნდაო?“
ნაწარმოებში არ არის აღნიშნული რომ გიორგის რაიმე განსაკუთრებული სწავლა ჰქონდეს მიღებლი, ჩანს მხოლოდ სამეურნეო საქმისა და ძირძველი ხალხური სიბრძნის ცოდნა. პირველი მჟღავნდება მოთხრობის ცალკეულ ეპზოდებში მისი საქმიანობის აღწერით, მეორე კი ჭაბუკის მიერ ანდაზების სხარტი გამოყენებით. არცერთი ნიუანსით არ არის მინიშნებული, რომ ეს განათლება მისთვის საკმარისი არ იყოს და რაღაცაში ნაკლულევანებას გრძნობდეს. რაც ყოველდღიურ ყოფაში სჭირდება, ყველაფერი ეხერხება, სიახლისადმი ინტერესსაც იჩენს და ისეთი საქმეების კეთებაც კი ხელეწიფება, რაც თითქოს განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს. ასეთია, მაგალითად, კესოს ბაღის გაშენება. თუმც თავადის ქალს ეეჭვება, „ჯერ ყველაფერი მარტო ქაღალდზეა გამოსახული და ვაი თუ ვერა გავაგებინო-რაო“, გიორგი ამართლებს არჩილის მოლოდინს: „ჭკვა-გონებიანი ბიჭია, შენ ოღონდ ანიშნე… მაშინვე მიგიხვდება, სად რა და როგორ გააკეთოსო.“
გიორგის სიყვარული, თუმცა ჩვეულებრივი, ადამიანური გრძნობაა, ხორციელზე მეტად მასში სულიერი სწრაფვა იგრძნობა.იგი აკეთებს იმას, რაც მოსიყვარულე ადამიანს შეუძლია – ემსახურება და უფრთხილდება, დანარჩენი კი ალბათ უფლისათვის აქვს მინდობილი. მისდამი ასეთ მსასოებლებს ღმერთიც არ ივიწყებს და ხშირად მეტსაც მიჰმადლებს, ვიდრე ითხოვენ. სწორედ ასეთი ჯილდოა გიორგისათვის კესოს სასწაულებრივი მეტამორფოზა.
გიორგი ის კეთილი ნერგია, რომელიც ირგვლივ სიკეთეს ჰფენს და მადლს ამრავლებს. მართალია, მისი სიკვდილით ოთარაშვილების ოჯახი უკაცურდება, მაგრამ ჭაბუკის სიცოცხლე უკვალოდ არ ქრება. არჩილისა და კესოს სახით იგი ტოვებს სულიერ მემკვიდრეებს, რომლებსაც მიკვლეული აქვთ გზა ადამიანთა გულებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისა, თხზულების შექმნის მიზანი კი ის არის, რომ ახალგაზრდა და-ძმის მიერ ნაპოვნი ეს გზა, სინანულით განწმენდილ გულში სიყვარულის გაღვივებისა, მკითხველს – მთელ საზოგადოებას დაანახოს.

0

ქართული ენის “დღე”

ქართველი კაცისთვის ცხოვრების უმთავრესი არსი დასაბამიდან იყო ენა, მამული, სარწმუნოება, რომლისთვისაც თავის გაწირვა სავალდებულო კი გახლდათ, მაგრამ სამწუხაროდ მცირეოდენნი და ლაჩარნი ამას ვერ აკეთებდნენ, რადგან სულგაყიდულები, სამშობლოსა და ერისგან განდგომილები, მოძულებულნი იყვნენ. ენა განძია ერისა, რომელსაც საკუთარი თავივით მართებს მოვლა-გაფრთხილება, შენახვა და დაცვა მომხდურთაგან, რადგან მტრისთვის უდიდეს გამარჯვებას ნიშნავს

შეტეულისთვის ენის წართმევა, დედა ენაზე მეტყველების აკრძალვა, მითუფრო მაშინ, თუკი დამონებული და უღელდადგმული ამას საკუთარი ნებით, ზოგჯერ სიამოვნებითაც აკეთებს.

“რა ენა წახდეს…”. ვიცით და გვსმენია ამ დამაფიქრებელი, უფრო კი გამაფრთხილებელი ჩაგონების დანიშნულება და მიზანი … და თავგადაკლულები, კბილებით ვიცავთ უძველესსა და ულამაზესს, დედასავით სანუკვარსა და უსაყვარლესს, უმშვენიერესსა და ტკბილხმოვანს, უმდიდრეს ენას ქართულს. თავს ვწირავთ, სიცოცხლეს ვანაცვალებთ მის შენარჩუნებას და დაფარვას, თავდაუზოგავად ვიღვწვით მომავალი თაობისთვის შეუბღალავად და ნირშეუცვლელად გადასაცემ დასატოვებლად. ვიცით ქართველებმა ჩვენი ენის ძალა და ფასი, მისი დანიშნულება და ღონე, რადგან მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად არნახულ შემოტევებისგან გადარჩენილებსა და თავდახსნილებს, დღესაც ქართულად გვალაპარაკებს. და განა მარტო ჩვენ. ქართულად მეტყველებაზე ბევრ ქვეყანაში სურვილობენ, გულით სწადიათ მისი დაუფლება.

და მაინც, საზოგადოების მცირე ნაწილი ისევ სხვის ენაზე “ჟღურტულს” არჩევს, რადგან თურმე ნუ იტყვით და მისით “გავუცვნივართ” ევროპას, მსოფლიოს, მისით “გაგვიხელია” თვალი, მისით მოგვიდენია “ტყაპანი” მსოფლიო ცივილიზაციაში. ამიტომაც უნდა ვეთაყვანოთ თურმე მას, მუხლებზე უნდა ვიხოხოთ და ტერფები ვულოკოთ ჩვენს მერე რამოდენიმე საუკუნის მოგვიანებით ამეტყველებულებს, თუკი მიწიერი ცივილიზაციის “წყლის გადასხმა და ფიზიკურად გადარჩენა” გვწადია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თურმე დასაღუპავადა ვყოფილვართ განწირულები.

ეს გვესმოდა და ამას ჩაგვჩიჩინებდნენ დღენიადაგ იმპერიული იდეოლოგიის ყურმოჭრილი, სულგაყიდული “მეცნიერ”-პროპაგანდისტები, “აღმზრდელები თუ პროფესორ მასწავლებლები”, კულტურის, ლიტერატურის და საერთოდ, ინტელიგენციის იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც სრულიად უცხო იყო და გაუგებარი “მშობლიური”ენისთვის თავის გამოდება, ხელის გამოღება, მისთვის გამოსარჩლება და სასიკეთოს თქმა. პირიქით, ერის ეს “აღზევებული, მოაზროვნე” ნაწილი თავგადაკლული მომხრე გახლდათ “დიდი ენის” საფუძვლიანი დამკვიდრებისა, მასზე მეტყველებისა და სწავლა საქმიანობისა. ამიტომაც ელაპარაკებოდნენ გაჩენის დღიდან “საჭირო, გამოსადეგ” ენაზე თავიანთს ნაშიერებს და წამითაც არ უფიქრდებოდნენ ჩადენილ დიდ ცოდვას, შეგნებულად რომ წიხლავდნენ, უარყოფდნენ ენას ქართულს.

სანაცვლოდ, კომუნისტის მანდატიანი, სახელმწიფო “მმართველების” კარზე აღზევებულები გულუხვად საჩუქრდებოდნენ თანამდებობრივი სავარძლებით, ბინებით, აგარაკებით, ტკბილი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სიკეთით. ასე ბანდნენ ერთმანეთს სიბინძურეში გასვრილ ხელებს ბედნიერი და კმაყოფილი პატრონ ქვეშევრდომები და ყველაფერს აკეთებდნენ ურგები უპირატესობის, უფლებების, ბედნიერი და უზრუნველი ყოფის სამუდამოდ შენარჩუნებისთვის. და აკეთებდნენ კიდეც უცხო ენაზე “აღზრდილ განათლებულ” შთამომავლობას მემკვიდრეობით უტოვებდნენ მრუდე გზით ხელში ჩაგდებულ საცხოვრებელსა და ქონებას, სამეცნიერო წოდებებს, მშობლიური პარტიისადმი სამარცხვინო ლაქიაობას, კრინტსაც არა ძრავდნენ უმთავრესსა და უპირველესზე ენაზე, მამულზე, სარწმუნოებაზე. ან კი რად იტყოდნენ, რა ჰქონდათ სათქმელი, თავათ უსასრულოდ შორს მდგომებს ყოველივე ამისგან.

სამაგიეროდ, ვერ ისვენებდნენ და გულს ვერ იოკებდნენ, სულიერად და ფიზიკურად ბობოქრობდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში გაერთიანებული მეცნიერებისა და კულტურის, ლიტერატურის, ინტელიგენციის იმ დიდ ნაწილში თავმოყრილი პიროვნებები, ერის საღად მოაზროვნე უმრავლესობა, რომლებსაც ამქვეყნად არსებობა ვერ წარმოედგინათ და არც უნდოდათ სამი უმთავრესი მრწამსის გარეშე. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილს ვერ გადაწონიდა ვერანაირი ოქრო და ვერცხლი, ვერანაირი უზრუნველი და მშვიდი ცხოვრება, ვერანაირი წითელი წოდებები და ტიტულები. შეუძლებელი იყო ორსაუკუნოვანი მონობის უმძიმესი უღლის კვლავაც ტარება და უცხოს დაკრულზე ცეკვა ბუქნაობა. უძველესი და უმშვენიერესი ქართული ენა ვერაფრით აიტანდა სიცივითა და ყინულით გაჟღენთილი მკაცრი, მშრალი მეტყველების შეუფერებელ მეტოქეობას. შეუძლებელი იყო ამაყი და გოროზი იბერიული სიტყვის, მასზე მეტყველთა მუშტითა თუ იარაღით დაჯაბვნა. უძლური იქნებოდა ყოველგვარი ძალმომრეობა შეუდრეკელ ნებაზე, ურყევ სულზე გამარჯვებისთვის. ესეც არ იყოს, როგორც უკვე ვთქვით ენას, მამულსა და სარწმუნოებას ყოველთვის ერის უმრავლესობა, მისი ღირსეული წინამძღოლები იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ იბერიის არსებობისთვის აუცილებელი ამ ფესვების შესანარჩუნებლად.

ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა ენას ქართულს, მაგრამ ვერავინ შეძლო მასზე გამარჯვება, უკლებლივ ყველამ მცირე თუ მრავალრიცხოვანმა მეტოქემ სასტიკი მარცხი იწვნია, ენა იბერთა უძლეველი და შეუვალი დარჩა. ნუღარ გადავიხედებით საუკუნეების მიღმა, ნუ განვიახლებთ ტკივილითა და განსაცდელით მოყენებულ ურიცხვ იარებს და თხუთმეტი წლის წინანდელი არნახული, გაუგონარი შემოტევა გავიხსენოთ, “მფარველმა და ერთმორწმუნე” მეზობელმა რომ გვარგუნა. თუმცა, რა დაგვავიწყებს, რა გაახუნებს იმ საშინელსა და ბნელ პერიოდს, წითელი სატანა გაშმაგბული რომ ლამობდა ცურტაველის, გორგასლის, დავითის, თამარის, რუსთაველის, გურამიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, კონსტანტინეს ენის მოსრასა და შეურაცხყოფას, იბერთა დამუნჯებასა და უცხოურ ენაზე ალუღლუღებას.

მაგრამ, ამაო იყო და უშედეგო წითელი ურჩხულის, საქართველოში მისი ერთგული, საიმედო საყრდენის, მისი ნება სურვილის უსიტყვოდ აღმსრულებლის მაშინდელი ხელმძღვანელობის ცდა და ბრძოლა. ისინი ვერაფერს დააკლებდნენ ხალხის ნებას, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლთა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავგანწირვას. და ვერც ვერაფერი მოუხერხეს. ყველას

გვახსოვს 1978 წლის აპრილის ის მღელვარე და შფოთიანი დღე, თბილისის ქუჩებში მოზღვავებული აბობოქრებულ აფოფრილი მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა, მუშა მოსამსახურეები, ხელოვნების, ლიტერატურის, ინტელიგენციის საღად მოაზროვნე ნაწილი, ქართული ენის მოსიყვარულე და დამცველი დიდ პატარა, მზად რომ იყვნენ სიცოცხლე გაეღოთ წინაპართა ენის შენარჩუნებისთვის. არნახული იყო და გაუსაძლისი იმპერიიდან წამოსული დაწოლა და შემოტევა. სამარცხვინო იყო და შესაჩვენებელი საქართველოში, წითელი იმპერატორისა და მისი ხროვის არაადამიანური სურვილის აღმსრულებელი მაშინდელი ქვეყნის “მმართველების” ცდა და მონდომება, დავალების შესასრულებლად. მაგრამ, სძლია ბოროტებას სიკეთემ, ნათელმა ჯურღმულს, ცოდნამ უმეცრებას, ჭეშმარიტებამ სიყალბეს, სიყვარულმა სიძულვილს, ერთგულებამ ღალატს, ბევრმა ცოტას და ენამ ქარუთლმა ისევ გაიმარჯვა. შეუძლებელი გახდა იბერთა სამეტყველო დიდებული ბგერების ჩახშობა დამუნჯება და რაოდენ მწარეა, მტკივნეულია და სამარცხვინო, მკრეხელობაა, რომ ამ თავგანწირვასა და თავდადებას დღეს ასე უტიფრად, უსირცხვილოდ მიიწერენ პიროვნებები, ცეცხლითა და მახვილით რომ უტევდნენ ქართველთა ენას, თავათ სულგაყიდულები, ყოველ ღონეს ხმარობდნენ ერის დასაჩოქებლად. და როცა არაფერი გაუვიდათ, ვერაფერს გახდნენ, ჩრდილოეთელი პატრონისგან ნაბრძანებ “დათმობაზე” წავიდნენ, უკან დაიხიეს, მზაკვრული ნიღაბი აიფარეს, რადგან უკვე მათთვის საშიშად ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობა. სწორედ ამ “დათმობის ტაქტიკური”სვლა გახლდათ თბილისში დედა ენის ძეგლის დადგმა. თუმცა, ამ გულისამრევი ფარსისა არავინ იწამა. ყველამ იცოდა, რომ იგი მახე, ავბედითი ხაფანგი იყო დაგებული თავისუფლების მოსურვილე, მშობლიური ენის დამცველი პიროვნებების უვნებელსაყოფად. მაგრამ, ვერც ამ ფარისევლობამ და თვალთმაქცობამ გაჭრა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის აგორებული ტალღის დაოკება უკვე ვერავითარ ფანდსა და ეშმაკობას, ვერანაირ პირფერობასა თუ “დათმობას” აღარ შეეძლო.

სამოცდათვრამეტი წლის აპრილის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმის, წითელმანდატიანების უმწვავესი მარწუხების, არნახული დაწოლისა და დევნა შევიწროების მიუხედავად, ქართველი ერი ყოველწლიურად მიზანდასახულად აღნიშნავდა ენის დიდებულსა და საჭირო დღეს. ეს მართლაც უდიდესი მოვლენა გახლდათ იბერთა ცხოვრებაში, რადგან ენის ზეიმის დღეს, სულიერად და ფიზიკურად განწმენდილი ქართველები ბედნიერები ეგებებოდნენ სასურველ მოვლენას, დაუფარავად და თამამად შეჰხაროდნენ, ესიყვარულებოდნენ უმშვენიერესსა და ტკბილხმოვან, უძველესსა და უმდიდრეს ენას. მომეტებულად, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ აღნიშნავდა ქართველობა ენის დღეს. მაგრამ, დიდხანს აღარ გაგრძელდა საამო ხანა. შარშან, შექმნილი ვითარების გამო, შეუძლებელი გახდა ბრწყინვალე დღის აღნიშვნა. სასოწარკვეთილმა ხალხმა ვერაფრით შეძლო ჩვეული სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა. დაღლილ, შეურაცხყოფილ საქართველოს ნამდვილად არ შეეფერებოდა ზეიმი და აღარც ხალისი ჰქონდა თბილი, ღიმილიანი სიტყვის თქმისა. ადამიანებს მომავლის იმედიღა შერჩათ და ვაი, რომ იგი კიდევ უფრო სავალალო, სამარცხვინო გამოდგა.

და დაგვიდგა წლევანდელი დღე ქართული ენისა. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი უდიდესი ქართული მესიტყვის, ქართული პოეტური სიტყვის გენიის ძეგლთან და როდესაც იქ შეკრებილთ უნდა წარმოეთქვათ სიტყვა ქართული, ჯადოსნური, საამოდ სასმენი, ბგერების ნაცვლად იქაურობა რკინა რეზინის ხელკეტების ზუზუნსა და სათაყვანებელ ენაზე მეტყველი გამძვინვარებული შავსათვალიან, საღეჭ რეზინიან, შავ ქურთუკ-პერანგ-შარვალ-ფეხსაცმლიან, სახეალანძული ახალგაზრდების ლანძღვა – გინებასა და ბილწსიტყვაობაში ჩაიძირა. თუმცა, ეს მთლად საკვირველი და მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან წინა საღამოს, მილიციის სამმართველოს შეფის “სიტყვაკაზმული” სატელევიზიო გამოსვლის მერე, ცხადი გახდა, რომ “დემოკრატიული” ხელისუფლება კვლავაც მიმართავდა მრავალგზის წარმატებით გამოყენებულ ხერხს უმოწყალოდ ეცემათ, არგასაგონად ელანძღათ უდანაშაულო ხალხი, დაეღვარათ სისხლი. ეს ყველაფერი იქ, ზევით დაიგეგმა, რითაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცდებოდა “ერთმორწმუნე” პატრონს ერთგულება და მოკრძალება. კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენდნენ თუ როგორ იდევნება და იწიხლება სული ქართული, სიტყვა იბერიული, როგორ ითელება ნება ქართველებისა, უფლება ერისა და ეს სხვა არაფერია, თუ არა აშკარა უარყოფა ენისა, მამულისა, სარწმუნოებისა.

ეს იყო ქართული ენის შეგინების, აბუჩად აგდების, დაწიხლვისა და შეურაცხყოფის, ჩაქოლვისა და დასჯის, სიკვდილის დღე.

თუმცა, დამსჯელთა ბანაკს მიტმასნილმა ერთმა “ჟურნალისტმა” ქალმა, გაზეთ “თბილისის”ფურცლებიდან “შეძრულმა და გაოგნებულმა” გვაუწყა, რომ პრეზიდენტის მომხრეებმა საშუალება არ მისცა ქართული ენის საზეიმო აღნიშვნისა (ალბათ, “ჟურნალისტს” შარშან, ზაფხულში, თბილისობანასნაირად აღნიშნული “გაერობანას” დღესასწაულის მსგავსი პროვინციული სანახაობის ხილვა სურდა). ის კი გულმოდგინედ მიჩქმალა, “ვერ დაინახა”, თუ რაოდენ სისასტიკითა და დაუნდობლობით გაუსწორდნენ “რაინდი” მილიციელები ქართული ენის ხელშეუხებლობის დამცველსა და ქომაგ ხალხს. მათგან დანთხეული სისხლიც, თურმე “საღებავი” ყოფილა, ოსტატურად რომ “გადაუსხამთ” მანდილოსნებს ჭაღარა თმებზე (!).

ვერაფერს ვიტყვით, ასეთია დღევანდელი “გამარჯვებულების” მოქმედების პრინციპი, ასეთია მათი სამეტყველო ქართული ენა. არ უნდა გვიკვირდეს, ასეთნაირად აღნიშნული ქართული ენის “დღე”.

0

1978 წლის 14 აპრილს უმაღლესი საბჭოს შენობის ეზოში ტანკისტები ბრძანებას ელოდნენ…

1978 წლის 14 აპრილს, დილიდან, თბილისის დედაქუჩაზე ხდებოდა ის, რაც არ იყო დამახასიათებელი იმდროინდელი ყოფისთვის და რამაც შოკში ჩააგდო კრემლი: დილიდან მთელი რუსთაველის პროსპექტი გაივსო ხალხით და ნაკადი კი არ წყდებოდა. დემონსტრანტთა კონცენტრაცია ისევ იქ მოხდა, სადაც მას შემდეგ პერიოდულად ხდებოდა: იმდროინდელი უმაღლესი საბჭოს შენობასთან, რომელსაც მერე მთავრობის სახლი, მერე კი პარლამენტის შენობა დაერქვა.
დემონსტრაცია და რუსთაველზე გასული ხალხის სიუხვე იმით იყო გამოწვეული, რომ სსრკ-ს ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ (რასაც ავტომატურად მოჰყვა ყველა რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლა), რესპუბლიკების კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი, სადაც მითითებული იყო, რომ ვთქვათ, საქართველოს მაგალითზე, საქართველოს სსრ-ში სახელმწიფო ენა ქართული ენაა. ახალი პროექტის თანახმად, კონსტუტუციაში ერთადერთ სახელმწიფო ენად რუსული ენა რჩებოდა, რამაც სრულიად საქართველო ააღელვა.
მაშინდელი სკკპ-ს საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე მერე ხშირად იმეორებდა, რომ დემონსტრაციების პროვოცირება თვითონ მოახდინა, როცა კონსტიტუციის სახალხო განხილვის ინიციატორად გამოვიდა. ეს მაინცდამაინც არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან მაშინ კონსტიტუციის ცვლილება ისედაც ხდებოდა ფორმალური სახალხო განხილვის საგანი და ცვლილებები მხოლოდ ამის შემდეგ მტკიცდებოდა.
თუმცა, ედუარდ შევარდნაძის როლის მთლიანად უგულებელყოფა იმდროინდელი მოვლენების მშვიდობიანად დასრულებაში, მინიმუმ, უმადურობა იქნებოდა – მან მართლაც ითამაშა დადებითი როლი. თუმცა, სობს ვნახოთ, როგორ იხსენებენ თავად შევარდნაძე და სხვა, 1978 წლის 14 აპრილს მოვლენების შუაგულში მყოფი პირები განვითარებულ მოვლენებს:
„იდეის ავტორი, შევარდნაძის თქმით, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და ბრეჟნევის თეორეტიკოსი მიხეილ სუსლოვი იყო. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა მას პირადად განუმარტა, რომ საქართველოში იდეის რეალიზაცია სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევდა. ”კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება.. ” – იყო პასუხი…შევარდნაძე მაშინ ბრეჟნევსაც შეხვდა. ბრეჟნევი მას შეჰპირდა, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში საქმეში ჩაერეოდა. ”დავბრუნდი და პირადად მე მოვახდინე ინიცირება კონსტიტუციის პროექტის შესწავლის”, – გაიხსენა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ მის ინიციატივას პირველები მწერლები გამოეხმაურნენ. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც არ მიიჩნევდნენ დამღუპველად ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნას, თუკი, სუსლოვის დაპირებისამებრ, კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა, რომ პარტია იზრუნებს ქართული ენის განვითარებაზე. ასეთები იყვნენ, მაგრამ იყვნენ სხვებიც და დაიწყო სერიოზული მოძრაობა ქართული ენის სტატუსის გადასარჩენად. ამ მოძრაობის ავანგარდში უნივერსიტეტი იყო და 14 აპრილს, როცა საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელშიც გამქრალი იყო მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, რუსთაველის პროსპექტზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
ზღვა ხალხი მაშინდელი კომპარტიის უმაღლესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. კომპარტიის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციას ამტკიცებდა. შევარდნაძეს ინფორმატორებისგან ცნობა ცნობაზე მისდიოდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა გარეთ.
” უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ. მანამდე კი, უზენაესი საბჭოს ეზოში რომ შევედი, ტანკები დამხვდა. უშიშროების უფროსმა ალექსი ინაურმა მითხრა, ეს მოსკოვის ბრძანებაა საქართველოს მთავრობის დასაცავადო. დედაენა რომ არ შეგვენარჩუნებინა, თბილისში სისხლი დაიღვრებოდა. ეს იყო საერთო გამარჯვება. ამის გამო სუსლოვთან დაგვიბარეს მე, ზურაბ პატარიძე, გენადი კოლბინი და პავლე გილაშვილი. სუსლოვს შენიშვნები გაეკეთებინა ფურცელზე, საქართველოში ნაციონალიზმი ყვავის და პარტია ამას ყურადღებას არ აქცევსო. ამ დროს ბრეჟნევმა დარეკა. სუსლოვმა უთხრა, პოლიტბიუროს სხდომაზე საქართველოს საკითხი უნდა გავიტანოთ, რადგან ცეკას დადგენილება არ შეასრულესო, მაგრამ ბრეჟნევმა არ გაატანინა.” – იხსენებს ედუარდ შევარდნაძე.
დავით კობახიძე: „კაკო ბაქრაძე გამოვიდა და თქვა, მოსკოვიდან მოვიდა მიმართვა და კონსტიტუციაში დარჩება მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებო. მაინც არ სჯეროდა არავის, სანამ შევარდნაძე არ გამოვიდა თვითონ.“
დემონსტრაციისა და სახალხო მღელვარების შემდეგ კრემლი გართულებებზე წასვლას მოერიდა იმის მიუხედავად, რომ სუსლოვი დაჟინებით, თუნდაც ძალის გამოყენების ხარჯზე ითხოვდა ცვლილების შეტანას კონსტიტუციებში. საქართველოს წინაშე უკანდახევა სხვა რესპუბლიკების წინაშე უკანდახევასაც ნიშნავდა, თუმცა, კრემლი ამ დათმობაზე წავიდა, რაც, ალბათ, იშვიათი გამონაკლისი იყო მთელი მისი ისტორიის მანძილზე…

0

პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება

უძველესი დროიდან, ანუ იმ დროიდან,როცა ადამიანებმა ერთად ცხოვრება, საზოგადოების ჩამოყალიბება დაიწყეს, დგას პიროვნების საზოგადოებასთან გაუცხოების,მასთან დაპირისპირების პრობლემაც. საზოგადოდ, ეს გამოწვეულია პიროვნების გონებრივი განვითარებით, ის ვეღარ ეგუება ჩამორჩენილ საზოგადოებას, საზოგადოება კი პიროვნებას, როგორც გამორჩეულ ინდივიდს, მტრობს.

ლიტერატურა ყოველთვის აღწერდა ადამიანის მთავარ პრობლემებს და მათ არსში წვდომას ცდილობდა. ესეთი თემა იყო: რელიგია, ადამიანის საკუთარ არსში წვდომა, რწმენა და ა.შ. ლიტერატურისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა ადამიანის და საზოგადოების დაპირისპირებაც იყო ყოველთვის. ლიტერატურაში ეს თემა ჯერ კიდევ უძველესი ლიტერატურული ნაწარმოებიდან ,,გილგამიშიანიდან’’ იღებს სათავეს.

თუმცა, ალბათ ტექნიკური განვითარების და ადამიანის უფრო და უფრო ,,ზომბირების’’ გამო ეს თემა განსაკუთრებით განვითარდა XIX და XX საუკუნეების ლიტერატურაში. შეიქმნა კლასიკური ლიტერატურის მთელი ეპოქა, რომელიც ძირითადად ადამიანის საზოგადოებისგან გარიყვის, მასთან დაპირისპირების თემაზე იყო დაფუძნებული.

ესეთი ეპოქალური ნაწარმოებებია: ჰერმან ჰესეს ,,ტრამალის მგელი’’ , სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი სასოწარკვეთილი და მარტოსული შეიძლება იყოს საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი, რომელიც მასთან საერთო ენას ვერ პოულობს, რადგან უფრო განვითარებულია. ჯერომ სელინჯერის წიგნში ,,კლდის პირზე, ჭვავის ყანაში’’ მთავარ გმირს, თინეიჯერ ჰოლდენ კოლფილდს ბოლომდე შეცნობილი და გააზრებული აქვს ადამიანთა მანკიერებანი, რაც მის სიძულვილს, გაღიზიანებას და საზოგადოებასთან დაპირისპირებას იწვევს.

სხვა საქმეა, საზოგადოებასთან დაპირისპირებული ადამიანი ბედნიერია თუ არა. განსხვავებულობა ბედნიერებაა გამორჩეულობის თვალსაზრისით, საზოგადოებაზე გავითარებული ხარ, რაც სიამაყეს განიჭებს. მაგრამ განსხვავებულობა უდიდესი სასჯელიც არის იმ თვალსაზრისით, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაგრიყავს საზოგადოება, რადგან ის ვერ იტანს და მტრობს გამორჩეულ ინდივიდებს. საზოგადოებასთან დაპირისპირებულ ადამიანს ყოველთვის უჩნდება სურვილი კვლავ საზოგადოების ნაწილი გახდეს, რადგან მარტოობის შიში იპყრობს, მარტოობის შიში კი ერთ-ერთი უდიდესია მათ შორის, რასაც ადამიანი განიცდის. ასე რომ, განსხვავებულობა ბედნიერებაცაა და უბედურებაც, ორივეს ერთნაირად მოიცავს.

საბოლოოდ, ჩემი აზრით, ყოველთვის იარსებებს ადამიანის და საზოგადოების დაპირისპირება. სწორედ საზოგადოებასთან დაპირისპირებული ადამიანები იწვევენ კულტურულ რევოლუციებს და განვითარებას, რაც იხსნის სამყაროს ჩამორჩენილობისგან

0

დანაშაული და სასჯელი

თუ კი მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ ქვეყანაში ეს ორი სიტყვა, მათი მნიშვნელობა განუყოფელია და ისეთივე მყარია დამოკიდებულება, როგორც მწველია მზე, მით უფრო შეუფერებელი და შეუსაბამოა ეს ცნებები ჩვენს საზოგადოებაში. საზოგადოებას, თუ კი შეიძლება ასე ვუწოდოთ დღეს არსებულ დიდ მასას, ჯერ არც კი გაურკვევია რა შეიძლება მივიჩნიოთ დანაშაულად და რომ ამ დანაშაულს აუცილებლად ახლავს (ნუ, წესით უნდა ახლდეს) სასჯელი. დანაშაული ნორმალური გზისგან გადახვევაა, ანუ არანორმალურია. და თუ კი ამ ნორმალურობას და არანორმალურობას განვიხილავთ ჩვენს საზოგადოებაში დაწესებული ნორმების მიხედვით, მით უფრო დავიბნევით და მეტიც მსოფლიოში აღიარებული სამართალი სასაცილო თუ არა გაბრაზებული ბავშვის ნაჯღაბნად მაინც მოგვეჩვენება. – იქ ხომ ისეთ რამეს გიგრძალავენ და თანაც ჩადენილისთვის სასჯელსაც გიწესებენ.
ამიტომაც დღევანდელ საქართველოში ზოგი უდანაშაულოდ ისჯება და ზოგიც – დამნაშავე არხეინად დაყიალობს თავისუფლად. რაც შეეხება სასჯელს მათთვის, ვინც მართლაც დამნაშავეა – ცოტა არ იყოს უსიამოვნოა, თუმცა ყველაზე მკაცრი სასჯელისთვის – სინდისისათვის თვალის გასწორება ისეთივე ადვილია, როგორც ხალხისთვის ამ ყველაფრის დავიწყება.

რა თქმა უნდა ეს ხალხის შეუგნებლობიდან, გაუნათლებლობიდან და დაუნახავობიდან მოდის, თუმცა ამ გაუმართლებელ ქმედებას ერთი გასამართლებელი ფაქტი აქვს, რაც შეუძლებელია არ აღვნიშნო. ძნელია შენ (მო)გთხოვდეს რაღაც კანონის დაცვას და ამ დროს ამ კანონის დამწესებელი თვითონ არღვევდეს მას, თვალში ნაცარს გაყრიდეს და შენც მის შემყურეს კანონის დარღვევა არ მოგინდეს.

ყველა ერი, რომელსაც რაღაც დანაშაული მიუძღოდათ მსოფლიოს წინაშე დაისაჯნენ ან ისჯებიან, ზოგი ხალხის მიერ და ზოგიც ბუნების. დანაშაული და სასჯელი ბუნების კანონზომიერებაა, თუმცა ჩვენ გაუკუღმართებულ საზოგადოებაში ყველაფერი პირიქითაა, შესაბამისად ადამინები კანონებს კი არა ბუნების დოგმებსაც კი არაფრად აგდებენ და თითქოს სასჯელიც არ ჩანს. თუმცა ჩემი აზრით ასეთი საზოგადოების არსებობა, ასეთი ფიქრი, წინდაუხედაობაა და მარტივი დამოკიდებულება უკვე სასჯელია, რომელიც დავიმსახურეთ.